სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა დამასკში მომხდარი აფეთქების შედეგად

სირიის სამთავრობო მედიის ცნობით, სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა დღეს დამასკის სასამართლოს შენობაში თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. საინფორმაციო სააგენტო „სანას“ ინფორმაციით, აფეთქება მოხდა იუსტიციის სახლის შენობაში. არიან დაჭრილებიც. რამდენიმე საათში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა დამასკის ერთ-ერთ რესტორანში. „სანას“ ცნობით, უცნობია ამ აფეთქების შედეგად დაღუპული და დაჭრილი ადამიანების ზუსტი რაოდენობა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. დღევანდელი აფეთქება მოჰყვა 11 მარტს სირიის დედაქალაქში მომხდარ ორ თავდასხმას, რომელთა შედეგადაც დაიღუპა, სულ მცირე, 40 ადამიანი. აღნიშნულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა იკისრა ტერორისტულ ორგანიზაცია „ალ-ყაიდასთან“ დაკავშირებულმა ადგილობრივმა ექსტრემისტულმა ჯგუფმა.