საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და სასაზღვრო სამსახური საგანგებო რეჟიმით მუშაობენ

ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის დაწყების გამო, საგანგებო რეჟიმით მუშაობენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და სასაზღვრო სამსახური. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებით, მესაზღვრეები ვალდებულნი არიან გაესაუბრონ ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებში მიმავალ მოქალაქეებს, გაუწიონ კონსულტაცია უვიზო მიმოსვლის პირობების შესახებ და შეამოწმონ მათი სამგზავრო დოკუმენტების შესაბამისობა შენგენის ზონაში უვიზო მოგზაურობის მოთხოვნებთან. შსს-ს განცხადებით, მას აქვს აღრიცხვის სპეციალური პროგრამა და თუ საქართველოს მოქალაქე 90-დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ არ დაბრუნდება, მის მონაცემებს ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს გაუგზავნიან. უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში ჩასულმა საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარი შეფერხებების გარეშე გადაკვეთეს - ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსს აცნობეს საბერძნეთსა და პოლონეთში საქართველოს საკონსულოების წარმომადგენლებმა, რომლებიც დღეს პირველ მგზავრებს დახვდნენ სალონიკისა და ვარშავის აეროპორტებში.