აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოსკოვში ჩაფრინდა, დასავლეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობის ფონზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ამ რანგში პირველად ეწვია რუსეთს. ვიზიტის ფონს ქმნის დასავლეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობის გამწვავება მას შემდეგ, რაც სირიაში, სავარაუდოდ, მთავრობის ჯარებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს და აშშ-მა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა სირიის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე. მოსკოვში ვიზიტამდე ტილერსონმა კრემლს მოუწოდა, შეწყვიტოს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერა ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა 11 აპრილს იტალიაში, "დიდი 7"-სა და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გამოსვლისას, რუსეთს მოუწოდა, მხარში ამოუდგეს შეერთებულ შტატებს სირიის კონფლიქტის მოგვარების გზის ძიებაში. იტალიაში "დიდი 7"-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იუწყებიან აგრეთვე, რომ მინისტრები ვერ შეთანხმდნენ რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების საკითხზე. ტილერსონმა ასევე განაცხადა, რომ პრიორიტეტად რჩება „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტთა დამარცხება სირიასა და ერაყში.