სომხეთის ხელისუფლების ცნობით, ქალაქ გიუმრიში, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზა მდებარეობს, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს რუსეთის ჯარისკაცს. 21 წლის ჯარისკაცის გვამი 22 აპრილს აღმოაჩნიეს სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქის ერთ-ერთი მაღაზიის მახლობლად. რუსეთის საინფორმაციო სააგენტო ტასის თანახმად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხრეთის ოლქმა დაადასტურა, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით 4 საათზე დანით მოკლეს ჯარისკაცი, რომელიც 102-ე სამხედრო ბაზაზე მსახურობდა. სომხეთის გენერალური პროკურატურა იტყობინება, რომ დაკავებულია დანაშაულში ეჭვმიტანილი 20 წლის მამაკაცი, და რომ მიმდინარეობს მკვლელობის გამოძიება. 2015 წელს გიუმრიში შემაძრწუნებელი ბოროტმოქმედება მოხდა: რუსეთის არმიის ჯარისკაცმა დახოცა ადგილობრივი ოჯახის ექვსი წევრი, მათ შორის ექვსი თვის ბიჭი. ამ ბოროტმოქმედებას გიუმრისა და ერევანში მოჰყვა მასობრივი გამოსვლები, რომლის მონაწილეები მოითხოვდნენ, რომ რუსეთის სამხედროებს დაეტოვებინათ ქვეყნის ტერიტორია.