საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამძიმარი გამოხატა მაღაროელთა დაღუპვის გამო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც აშშ-ში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით, სპეციალური განცხადება გაავრცელა მაღაროელების დაღუპვის გამო და მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახებს. „მინდელის შახტში იმუშავებენ შესაბამისი ჯგუფები, რათა უსწრაფესად განხორციელდეს მეშახტეთა სამძებრო სამუშაოები და ასევე, დადგინდეს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. ტყიბულის ერთ-ერთ შახტაში ოთხი ადამიანი დაიღუპა სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას. ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტასთან ადგილობრივი მოსახლეობა, მეშახტეები და დაღუპული მეშახტეების ოჯახის წევრები არიან შეკრებილი. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია დაღუპულების ამოსაყვანად.