საფრანგეთის პრეზიდენტი 29 მაისს პუტინს უმასპინძლებს ვერსალში

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 29 მაისს ვერსალში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს უმასპინძლებს. ამის თაობაზე დასავლეთის მედია იტყობინება ფრანგ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. როიტერის თანახმად, პუტინის ვიზიტის ფარგლებში ვერსალში გაიხსნება გამოფენა, რომელიც ეძღვნება ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობის მესამასე წლისთავს. მაკრონმა საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო შვიდი მაისის კენჭისყრაში, მეორე ტურში. მისი მეტოქე, ულტრა-მემარჯვენე მარინ ლე პენი პუტინითაა აღფრთოვანებული და უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედების გამო დაწესებული სანქციების წინაააღმდეგ გამოდიოდა. პუტინმა და მაკრონმა უკრაინაში და სირიაში კონფლიქტები განიხილეს გასულ კვირაში, სატელეფონო საუბრისას.