ლიტვის სეიმი მხარს უჭერს ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას

ლიტვის სეიმის საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა კომიტეტებმა 2017-2020 წლებში საქართველოს მხარდაჭერის სამოქმედო გეგმა მიიღეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, სამოქმედო გეგმაში გამოკვეთილია, რომ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური საგარეო პოლიტიკური კურსის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, დემოკრატიული კონსოლიდაციის მხარდაჭერა ლიტვის ინტერესებშია და ამ მიზნით ქვეყანა საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებისკენ მიმართავს მნიშვნელოვან ძალისხმევას. დოკუმენტი, რომელზეც შესაბამისი კომიტეტები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ, მრავლისმომცველია და ითვალისწინებს საქართველოს მხარდაჭერას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია, აღმოსავლეთ პარტნიორობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია, თავდაცვა და უსაფრთხოება, საპარლამენტო თანამშრომლობა, ეკონომიკური ურთიერთობები, განათლების ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოების დახმარება და სხვა.