საფრანგეთში გაიმართა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური

საფრანგეთში გაიმართა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური, რომელზეც, როიტერსის წინასწარი მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ 42-43 პროცენტი შეადგინა. მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტია, ცენტრისტული ორიენტაციის "ენ მარში" დიდი უპირატესობით მოიპოვებს გამარჯვებას. 39 წლის მაკრონმა ერთი თვის წინ საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა თავისი ულტრამემარჯვენე მეტოქე, მარინ ლე პენი. მაკრონის მიერ დასახული გეგმები მოიცავს საფრანგეთის მკაცრი შრომითი კანონების შერბილებას და საჯარო სექტორის ათი ათასობით სამუშაო ადგილით შემცირებას. წინასწარი ვარაუდით, მაკრონის პარტიის შემდეგ მეორე ადგილს მოიპოვებს კონსერვატიული რესპუბლიკური პარტია.