მარგველაშვილი უარს ამბობს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი უარს ამბობს საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განსახილველად პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე. ამის შესახებ მარგველაშვილმა განაცხადა თბილისში გამართულ ბრიფინგზე. მისი აზრით, საკონსტიტუციო რეფორმისთვის უმნიშვნელოვანესია არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, რაზეც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ უარი თქვა. პრეზიდენტის აზრით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის უარყოფა თვისებრივად ცვლის „კონსტიტუციის რეფორმის შემოთავაზებულ პროექტს, რომელიც განიხილა ქართულმა საზოგადოებამ და რომელიც განიხილა ასევე ვენეციის კომისიამ“. „მოვუწოდებ პარლამენტს, არ მიიღოს უაღრესად დაჩქარებული წესით შეუთანხმებელი ცვლილებები, დაუბრუნდეს ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს და სწორედ ამ სულისკვეთების რეჟიმში დაწეროს უკეთესი ვერსია“, - განაცხადა პრეზიდენტმა. მისი უარყოფითი პოზიციის მიუხედავად, პარლამენტს აქვს რიგგარეშე სხდომის გამართვის უფლება.