გერმანელმა კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინებას

გერმანიის პარლამენტმა დააკანონა ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინება, მიუხედავად გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ინდივიდუალური წინააღმდეგობისა ბუნდესტაგში წარდგენილი კანონპროექტისადმი. 26 ივნისს, როდესაც პარლამენტს სადაო კანონპროეტზე კენჭისყრის უფლება მისცა, მერკელმა მოუწოდა კონსერვატიული ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატებს, რათა „საკუთარი სინდისის კარნახით“ მიეღოთ გადაწყვეტილება. „როგორც გერმანიის ძირითადი კანონი განმარტავს, ჩემთვის ქორწინება ნიშნავს მამაკაცსა და ქალს შორის ქორწინებას და ამიტომაც კანონს დღეს წინააღმდეგ მივეცი ხმა“, - განაცხადა კენჭისყრის დასრულების შემდეგ ანგელა მერკელმა. 30 ივნისს ბუნდესტაგის ქვედა პალატაში გამართული კენჭისყრის დროს კანონპროექტს მხარი დაუჭირა 393-დეპუტატმა, 226-ი წინააღმდეგი იყო, ხოლო ოთხმა თავი შეიკავა. მოსალოდნელია, რომ 30 ივნისს მიღებული კანონი, რომელიც ქორწინებისა და ბავშვის აყვანის უფლებას აძლევს გეებსა და ლესბოსელებს, ძალაში შევა წლის ბოლომდე. ერთისა და იმავე სქესის პირთა სამოქალაქო ქორწინება დაკანონებულია რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის ნორვეგიაში, ნიდერლანდში, ესპანეთში, საფრანგეთში, ბრიტანეთსა და ირლანდიაში.