რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან დადგეს „საზღვრის“ აღმნიშვნელი ახალი ბანერი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრების სასოფლო-სამეურნეო სავარგული. „აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივ მცხოვრებთა ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე” - ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. მისივე ინფორმაციით, საკითხი განსახილველად დადგება ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე, რომელიც 11 ივლისს გაიმართება.