შემცირდა თბილისსა და მოსკოვს შორის ავიარეისების რიცხვი

საქართველოს ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ ცვლილებები შეიტანა თბილისი-მოსკოვის რეისების განრიგში მას შემდეგ, რაც რუსეთმა შეამცირა ორი დედაქალაქის დამაკავშირებელი რეისების რიცხვი. ავიაკომპანიის დირექტორმა გივი დავითაშვილმა 16 ივლისს გამოაცხადა, რომ 17 ივლისიდან ამოქმედდება ახალი განრიგი, რომელიც ითვალისწინებს დილის საათებში თბილისსა და მოსკოვს შორის ოთხი ავიარეისით ნაკლებს. 15 ივლისს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ „ჯორჯიან ეირვეისის“ რეისების რიცხვს ამცირებს ქართული მხარის უარის გამო, რუსეთის კომპანია „ურალის ავიახაზებს“ მიეცეს მოსკოვთან მდებარე ჟუკოვსკის აეროპორტიდან თბილისში ფრენის უფლება. საქართველო მაისიდან ამბობს უარს ჟუკოვსკიდან რეისების მიღებაზე და მიზეზად ასახელებს აეროპორტების გადატვირთვას.