საფრანგეთში გადადგა სამხედრო ძალების სარდალი პრეზიდენტთან ბიუჯეტზე უთანხმოების გამო

საფრანგეთში გადადგა შეიარაღებული ძალების სარდალი, გენერალი პიერ დე ვილიე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ბიუჯეტის შეკვეცაზე უთანხმოების გამო. გენერლის 19 ივლისის განცხადებით, ის ვეღარ უხელმძღვანელებს არმიას, თუ ის არ იქნება საკმარისად აღჭურვილი საფრანგეთისა და ფრანგი ხალხის დაცვის უზრუნველსაყოფად. 39 წლის მაკრონსა და 60 წლის გენერალ დე ვილიეს შორის უთანხმოებაზე ცნობილი გახდა გასულ კვირაში, როცა თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა უთხრეს საპარლამენტო კომიტეტს, რომ გენერალი მიუღებლად მიიჩნევს შეიარაღებული ძალების ბიუჯეტის 980 მილიონი დოლარით შემცირებას. ამის შემდეგ მაკრონმა გენერალი გააკრიტიკა ბიუჯეტზე დავის გასაჯაროებისათვის. სამხედრო სფეროს დაფინანსების შეკვეცას ითვალისწინებს საბიუჯეტი ხარჯების 4,5 მილიარდი დოლარით შემცირების გეგმა, რომელიც მაკრონის მთავრობას აქვს შემუშავებული.