ვენესუელის პრეზიდენტი აქებს საკონსტიტუციო ასამბლეის ასარჩევად ჩატარებულ კენჭისყრას

ნიკოლას მადურო

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო აქებს ახალი, კონსტიტუციის შესაქმნელად განსაზღვრული ასამბლეის ასარჩევად ჩატარებულ კენჭისყრას. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, კენჭისყრაში მონაწილეობდა ელექტორატის 41,5%, თუმცა, ოპოზიცია ირწმუნება, რომ კენჭისყრაზე სინამდვილეში გაცილებით ნაკლები ამომრჩეველი მივიდა. 30 ივლისის კენჭისყრამ ხმაურიანი საპროტესტო აქციებისა და ძალადობის ფონზე ჩაიარა. დაიღუპა, სულ ცოტა, 10 ადამიანი. ოპოზიცია დღესაც ატარებს საპროტესტო აქციებს. პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ახალი, საკონსტიტუციო ასამბლეა შეძლებს დაიწყოს „ბრძოლის ახალი ეპოქა“ კრიზისით, ეკონომიკური პრობლემებით მოცულ ვენესუელაში. ოპოზიციური პარტიები კენჭისყრის ბოიკოტისაკენ მოწოდებით გამოდიოდნენ: ისინი შიშობენ, რომ პრეზიდენტი მადურო ახალ, საკონსტიტუციო ასამბლეას გამოიყენებს იმისათვის, რომ დაშალოს პარლამენტი, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებს, გადადოს მომავალი არჩევნები და შეცვალოს საარჩევნო კანონები მადუროს ძალაუფლების კონსოლიდაციისათვის.