ქაბულში მოკლეს ერაყის საელჩოზე თავდასხმაში მონაწილე სამივე ექსტრემისტი

ავღანეთის უშიშროების ძალების თანამშრომლები ქაბულში ერაყის საელჩოსთან

ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, მოკლულია სამივე ექსტრემისტი, რომელიც მონაწილეობდა ქაბულში ერაყის საელჩოზე მოწყობილ თავდასხმაში. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაიჭრა ერთი პოლიციელი, ხოლო საელჩოს თანამშრომლებიდან არავინ დაშავებულა. სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმა დაიწყო ერაყის საელჩოს მთავარ შესასვლელთან დანაღმული ავტომანქანის აფეთქებით, რომელიც თვითმკვლელმა მოაწყო. აფეთქების შემდეგ კი სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა საელჩოს შენობაში. ამ თავდასხმამდე ორი კვირით ადრე, ქაბულში ერაყის საელჩოში გაიმართა პრესკონფერენცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისაგან ქალაქ მოსულის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.