პარლამენტის შენობაში გაიმართება ოპოზიციისა და უმრავლესობის შეხვედრა

დღეს თბილისში, პარლამენტის შენობაში გაიმართება ოპოზიციური პარტიებისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა შეხვედრა. მხარეებმა უნდა იმსჯელონ საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ნაწილზე, რომელიც საარჩევნო სისტემას შეეხება. ოპოზიციის უმთავრესი მოთხოვნაა, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა დაუყოვნებლივ გაუქმდეს და არა 2020 წლის საპარალმენტო არჩევნების შემდეგ, როგორც ამას ითვალისწინებს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ორი მოსმენით უკვე მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი. გარდა ამისა, ოპოზიცია მოითხოვს, რომ ე.წ. გაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად განაწილდეს პარლამენტში შესულ ყველა პარტიაზე. ოპოზიცია ეწინააღმდეგება პრეზიდენტის პირდაპირი, საყოველთაო წესით არჩევის გაუქმებასაც. საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრა 17 საათზე დაიწყება.