აშშ-მა 11000-მდე გაზარდა ავღანეთში სამხედროთა რაოდენობის მონაცემი

პენტაგონმა მკვეთრად გაზარდა ავღანეთში აშშ-ის სამხედროთა რაოდენობის მონაცემი - იმ ფონზე, როცა მალე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება კიდევ ათასობით სამხედროს დამატებაზე, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახალი სტრატეგიის თანახმად. პენტაგონის გაერთიანებული შტაბის გენერალ-ლეიტენანტმა, კენეტ მაკკენზიმ განაცხადა, რომ სრული შემოწმების თანახმად, ავღანეთში ამჟამად აშშ-ის 11000-მდე სამხედრო იმყოფება. აქამდე პენტაგონის ეს მონაცემი 8400-მდე სამხედროს უტოლდებოდა, სამხედროთა რაოდენობაზე წინა პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ შემოღებული შეზღუდვის ფონზე. სამხედრო პირები დიდი ხანია გაუხმაურებლად აღიარებენ, რომ ავღანეთში ამ შეზღუდვით გათვალისწინებულ რაოდენობაზე ბევრად მეტი სამხედრო იყო, თუმცა მეთაურები სამხედროებს გადაადგილებდნენ, ბევრს "დროებითის" სტატუსს ანიჭებდნენ და ამ გზებით ხელოვნურად ამცირებდნენ მონაცემს რაოდენობის შესახებ. პენტაგონის პრესმდივნის, დანა ვაითის თქმით, ახალი მონაცემით საქმე არ გვაქვს სამხედროთა რაოდენობის გაზრდასთან, დაზუსტებული მონაცემი წარმოადგენს გამჭვირვალობის გაზრდის მცდელობას აშშ-ის სამხედროთა სრული რაოდენობის შესახებ.