ლონდონის პოლიცია მეტროში მომხდარ აფეთქებას „ტერორიზმის“ მუხლით იძიებს

სპეცსამსახურების წარმომადგენლები სადგურ პარსონს-გრინის მიმდებარე ტერიტორიაზე

ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიცია აცხადებს, რომ ის "ტერორისტული ინციდენტის“ მუხლით იძიებს ქალაქის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ერთ-ერთ მეტროსადგურში გაჩენილ ხანძარსა და აფეთქებას, რის შედეგადაც, თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე მგზავრმა მიიღო სახის დამწვრობა. ამასთან, პოლიცია ნაადრევად მიიჩნევს ხანძრის გაჩენის მიზეზებზე საუბარს. თუმცა, ბრიტანული მედიის თანახმად, ერთ-ერთ მატარებელში აფეთქდა „თეთრი ვედრო“. ინციდენტი დილის საათებში მოხდა ლონდონის მეტროს უიმბლდონის ხაზზე, სადაც თვითმხილველებმა დაინახეს თეთრ კვამლში გახვეული მატარებელი. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ იგი დღის ბოლოს აპირებს გამართოს ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა. სამი თვის წინ ლონდონში ასევე მოხდა ტერაქტი. 3 ივნისს, საღამოს, ლონდონში, ლონდონის ხიდზე, თავდამსხმელებმა რამდენიმე ფეხით მოსიარულეს დააჯახეს ავტომანქანა და ამის შემდეგ რამდენიმე ადამიანს ცივი იარაღით მიაყენეს ჭრილობები ახლომდებარე ბარებსა და რესტორნებში. დაიღუპა შვიდი ადამიანი. პოლიციის ცნობით, მოკლულია სამი თავდამსხმელი.