გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

კვირას გერმანიაში ტარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელზეც, როგორც ვარაუდობენ, მეოთხედ მოიპოვებს გამარჯვებას კანცლერი ანგელა მერკელი. ასევე ვარაუდობენ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად მოხვდება პარლამენტში მემარჯვენე-რადიკალური პარტია. მერკელი, რომელიც აშკარა ლიდერად რჩება ხელისუფლების სათავეში 12 წლის განმავლობაში ყოფნის შემდეგ, და მისი ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიანულ-სოციალური კავშირის ბლოკი ლიდერობენ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში. მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირაში მხარდაჭერა ოდნავ შემცირდა, გამოკითხვა აჩვენებს, რომ მერკელის ბლოკი 34-37 პროცენტიანი მხარდაჭერით სარგებლობს და უსწრებს თავის კონკურენტებს. მეორე ადგილზეა სოციალ-დემოკრატიული პარტია 21-22 პროცენტით. კანცლერის თანამდებობისთვის ბრძოლაში მერკელის მთავარი კონკურენტია სოციალ-დემოკრატების ლიდერი მარტინ შულცი. მერკელმაც და შულცმაც მოუწოდეს ამომრჩევლებს, ყოველი ღონე იხმარონ, რომ ბუნდესტაგში არ მოხვდეს მემარჯვენე-რადიკალური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“. ვარაუდობენ, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 10-13 პროცენტს მოაგროვებს. თავისუფალ დემოკრატიულ პარტიასა და მემარცხენე პარტიას ასევე უწინასწარმეტყველებენ პარლამენტში მოხვედრას შესაბამისად 8 და 11 პროცენტით.