სირიაში 30-მდე სამოქალაქო პირი დაიღუპა ავიადარტყმების შედეგად

სირიაში, სულ ცოტა, 28 ადამიანი დაიღუპა საჰაერო დარტყმების შედეგად. ბრიტანეთში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ 30 სექტემბრის ცნობით, ავიაიერიში მოეწყო ჩრდილო-დასავლეთ სირიაში მდებარე იდლიბის პროვინციაში, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. დაღუპულებს შორის ოთხი ბავშვია. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ვერ დაადგინა, ვინ განახორციელა ავიადარტყმები. ბოლო დღეებში სირიის მმართველი რეჟიმისა და მისი მოკავშირე რუსეთის სამხედრო ძალებმა გაააქტიურეს თავდასხმები იდლიბში. მაშველები ამბობენ, რომ მრავალი სამოქალაქო პირია დაღუპული სირიისა და რუსეთის საჰაერო დარტყმებისას, რომლებიც მოჰყვა ჩრდილო-დასავლეთ სირიაში მმართველი რეჟიმის პოზიციებზე 19 სექტემბერს მეამბოხეების შეტევის დაწყებას. დამასკი და მოსკოვი უარყოფენ სამოქალაქო პირების დახოცვის ბრალდებას.