პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი გამოეხმაურა ამომრჩევლის მონაცემების დამუშავების საკითხს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი 21 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ამომრჩეველთა სია საჯაროა და მასში არსებული პერსონალურ მონაცემების დამუშავება უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზნებს. "დამკვირვებელს აქვს უფლება, დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას. თუმცა, ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს მონაცემების შეგროვება და შემდგომი დამუშავება ამომრჩეველზე ზეწოლის ან სხვა არაკანონიერი მიზნებისთვის", - წერია განცხადებაში. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავება განახორციელონ კანონის დაცვით. ამასთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი აცხადებს მზადყოფნას, კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების არაკანონიერი მიზნებით დამუშავების ფაქტებზე და შეისწავლოს დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირების მიერ მოწოდებული მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები.