რუსეთში აპირებენ ბავშვებისათვის განკუთვნილი პოლიტიკური ტელეარხის შექმნას

რუსეთის მედიაჰოლდინგ ერბეკას (РБК) ცნობით, საინფორმაციო სააგენტო ტასი მიიღებს სახელმწიფო სუბსიდიებს ბავშვებისა და მოზარდებისათვის განკუთვნილი პოლიტიკური ტელეარხის შესაქმნელად. ერბეკა ამ ცნობას ავრცელებს 2018-2020 წლების საბიუჯეტო ცვლილებების ტექსტზე დაყრდნობით. გამოცემის ინფორმაციით, ახალი არხის დასაფინანსებლად წელიწადში 70 მილიონამდე რუბლი გამოიყოფა. სახელმწიფო სუბსიდირების მიზნად სახელდება „8-16 წლის ბავშვებზე ორიენტირებული, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მიმართულებაზე სპეციალიზებული არხის შექმნისა და საორგანიზაციო-ტექნიკური თანხლების ფინანსური უზრუნველყოფა“. ტასს ჯერ არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება ამ საკითხზე.