აშშ-მა ავღანეთში სამხედრო კონტინგენტი გაზარდა

"მტკიცე მხარდაჭერის მისიის" მეთაური, გენერალი ჯონ ნიკოლსონი

პენტაგონის ინფორმაციით, ავღანეთში განთავსდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების კიდევ 3 ათასამდე სამხედრო. ისინი გაწვრთნიან და კონსულტაციას გაუწევენ ავღანეთის სამთავრობო ძალებს, რომლებიც რადიკალურ დაჯგუფებას, „თალიბანს“ ებრძვიან. კონტინგენტის გაზრდა მოითხოვა ავღანეთში ამერიკული ძალების და ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მეთაურმა, გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა. მისი მიმართვა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აგვისტოში დააკმაყოფილა. დამატებითი კონტინგენტის გაგზავნის შემდეგ, ავღანეთში მყოფი ამერიკელი სამხედროების რაოდენობა 11 ათასიდან 14 ათასამდე გაიზარდა. გენერალ ნიკოლსონის განცხადებით, ავღანეთში საჭიროა დაახლოებით 16 ათასი სამხედრო მოსამსახურე. კონტინგენტის შევსების ვალდებულება აიღეს ნატოს წევრმა სხვა სახელმწიფოებმაც.