საქართველოში დააკავეს სასჯელაღსრულების დაწესებულებების ხუთი ყოფილი თანამშრომელი

საქართველოს მთავარი პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს რუსთავსა და თბილისში მდებარე, სასჯელაღსრულების მე-6 და მე-8 დაწესებულებების ხუთი ყოფილი თანამშრომელი. მათ ბრალად ედება პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა. მთავარი პროკურატურის მიერ 21 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პირები 2011-2012 წლებში, დასჯისა და დაშინების მიზნით, პატიმრებს სისტემატურად უსწორდებოდნენ ფიზიკურად და აყენებდნენ ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში. პროკურატურის ცნობითვე, არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხა 800-მდე მსჯავრდებული. სასჯელაღსრულების დაწესებულებების ყოფილ თანამშრომლებს ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.