კიევი და სეპარატისტები აღმოსავლეთ უკრაინაში გეგმავენ პატიმართა გაცვლას

უკრაინის ხელისუფლება და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ადასტურებენ, რომ 27 დეკემბერს კონფლიქტის ორ მხარეს შორის შედგება პატიმართა გაცვლის მასშტაბური ოპერაცია. უკრაინის პირველმა ვიცესპიკერმა, ირინა ჰერაშჩენკომ, 25 დეკემბერს ფეისბუკით დაწერა, სეპარატისტები "27 დეკემბერს გაათავისუფლებენ 74 უკრაინელს. ჩვენ მათ 306 პირში გავცვლითო". სეპარატისტთა ლიდერი, ალექსანდრ ზახარჩენკო ამბობს, რომ გაცვლა შედგება ფორმულით "306 პირი, 74-ის ნაცვლად". ზახარჩენკო ამ განცხადებით გამოვიდა მას შემდეგ, რაც სეპარატისტთა ლიდერები მოსკოვში შეხვდნენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილეს. პატიმართა გაცვლის ოპერაცია 14 თვეა არ გამართულა.