გლდანის ციხეში ყელგამოჭრილი პატიმარი იპოვეს

გლდანის N8 პენიტენციარული დაწესებულება

გლდანის N8 პენიტენციარულ დაწესებულებაში ყელგამოჭრილი პატიმარი იპოვეს. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, პატიმარმა ყელის არეში თვითდაზიანება ერთჯერადი საპარსის პირით მიიყენა. 10 თებერვალს ერთ-ერთი საკნის საპირფარეშოში იგი თანასაკნელებმა ნახეს. დაჭრილი პატიმარი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ექიმების თანახმად, მას გათიშული აქვს თავის ტვინი და თირკმელები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე არ აღმოუჩენიათ იარაღი, რომლითაც მსჯავრდებულმა თითქოსდა თავად მიიყენა დაზიანებები. ამ გარემოების გათვალისწინებით, ოჯახის წევრები და ადვოკატი ვარაუდობენ, რომ ნიკოლოზ ჩოფიკაშვილს თვითმკვლელობა არ უცდია. ისინი საგამოძიებო სამსახურებს დანაშაულის სრულყოფილად გამოძიებას სთხოვენ და მიმართავენ ჯანდაცვის სამინისტროს, ყველა საჭირო სამედიცინო ზომას მიმართოს მომაკვდავი პატიმრის გადასარჩენად.