სამუდამო პატიმრობა მიესაჯა მანჰეტენზე ტერორისტული აქტის ორგანიზებისთვის ბრალდებულს

აჰმად ხან რაჰიმი

მანჰეტენის საოლქო სასამართლომ 30 წლის აჰმად ხან რაჰიმის ორი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო 2016 წლის სექტემბერში ნიუ-იორკის ჩელსის რაიონში განხორციელებული ტერორისტული აქტის ორგანიზებაში. ტერორისტული აქტის შედეგად ოცდაათამდე ადამიანი დაშავდა. CNN-ის თანახმად, სასამართლომ რაჰიმის აფეთქების შედეგად დაზიანებულთათვის ნახევარი მილიონი დოლარის მოცულობის კომპენსაციის გადახდაც დააკისრა.

სასამართლოზე ბრალდებულმა აღნიშნა, რომ არ ნანობს თავის საქციელს. მან განაცხადა, რომ დანაშაულისკენ უბიძგა ამერიკის შეერთებულ შტატებში მუსლიმების მიმართ არსებულმა დამოკიდებულებამ.

აჰმად ხან რაჰიმის სასამართლო პროცესი მოელის ასევე ნიუ-ჯერსიშიც, სადაც, გამოძიების ვერსიით, საქველმოქმედო მარათონამდე ცოტა ხნით ადრე, კიდევ ერთი ბომბი ააფეთქა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.