თბილისი საოკუპაციო ძალებისგან მოითხოვს ექსპერტიზას და ზუსტ ინფორმაციას არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 23 თებერვალს განაცხადა, რომ ცხელი ხაზის მეშვეობით, ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების და რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან კატეგორიულად მოითხოვს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიღებას არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს, უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი. ქართული მხარე საოკუპაციო ძალებისგან მოითხოვს ზუსტ ინფორმაციასაც დაკავებული ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის შესახებ და აუცილებლად მიიჩნევს საერთაშორისო ორგანიზაციების და ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეთა მყისიერ და პრინციპულ რეაგირებას. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებითვე, პრინციპულად მნიშვნელოვანია, სამხარაულის ექსპერტების ადგილზე შესვლა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის პირველადი დათვალიერების მიზნით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს.