შვედმა კაცებმა ოლიმპიური ოქრო მოიპოვეს ბიატლონის ესტაფეტაში

ბიატლონის ესტაფეტაში მონაწილე ოლიმპიელები

პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე ბიატლონისთვის დათმობილი დღეები მამაკაცთა ესტაფეტითა და შვედების ტრიუმფით დაგვირგვინდა. 30-კილომეტრიანი დისტანცია (4X7,5 კმ) შვედმა სპორტსმენებმა 1:15:16,5 საათში დაფარეს და უახლოეს მდევარ ნორვეგიას 55,5 წამით გაუსწრეს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორ გერმანიას - 2,07 წუთით. ოლიმპიური ჩემპიონი გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: პეპ ფემლინგი, იესპერ ნელინი, სებასტიან სამუელსონი და ფრედერიკ ლინდსტრომი. პიონჩანგის ოლიმპიადის დასრულებამდე ორი დღით ადრე საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზეა ნორვეგია - 13 ოქროს, 13 ვერცხლისა და 10 ბრინჯაოს მედლით. ასევე 13 ოქრო აქვს მეორე ადგილზე მყოფ გერმანიასაც, რომელიც კონკურენტს ვერცხლ-ბრინჯაოებით (7 და 5) ჩამორჩება. ბიატლონის ესტაფეტაში უმთავრეს ფავორიტებად სწორედ ნორვეგიისა და გერმანიის გუნდებს ასახელებდნენ. ესტაფეტას შეეძლო საბოლოო გუნდური შედეგის ბედიც გადაეწყვიტა, მაგრამ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შვედები ავიდნენ.