Amnesty International-ი მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის მიუკერძოებელ გამოძიებას

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Amnesty International-მა რუსეთის და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებებისგან მოითხოვა საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებათა სწრაფი, დეტალური და მიუკერძოებელი გამოძიება და ოჯახისთვის ცხედრის რაც შეიძლება სწრაფად გადაცემა. ორგანიზაცია 5 მარტს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ნორმებით, არავის აქვს თავისუფლების და სიცოცხლის თვითნებურად ხელყოფის უფლება. Amnesty International-ი განმარტავს, რომ საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, დაკავებული პირის სიკვდილი უპირველეს ყოვლისა განიხილება თვითნებურ დასჯად და აუცილებელია სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება. უფლებადამცველი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართლისა და სტანდარტების შესაბამისად, დაღუპულის ოჯახის წევრებს აქვთ უფლება მათი წარმომადგენელი დაესწროს ცხედრის ექსპერტიზას.