ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საგზური უკვე ექვსმა გუნდმა გაინაღდა

ჩემპიონთა ლიგის ლოგო

საფეხბურთო კლუბი „სევილია“ სამოცწლიანი პაუზის შემდეგ გავიდა უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. ესპანელებმა უგოლო საშინაო თამაშის შემდეგ, 13 მარტს, ინგლისში გამართულ საპასუხო მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედს“ 2:1 მოუგეს. ევროპის მთავარი საკლუბო ტიტულისთვის ბრძოლას იტალიის „რომაც“ გააგრძელებს, რომელმაც რომში მინიმალური ანგარიშით აჯობა დონეცკის „შახტარს“. ორი თამაშის ჯამში ფრე - 2:2 დაფიქსირდა, მაგრამ „რომა“ მეოთხედფინალში სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობით გავიდა.

მერვედფინალური ეტაპი „სევილიისა“ და „რომას“ გარდა უკვე დაძლიეს მადრიდის „რეალმა“, ტურინის „იუვენტუსმა“ და ინგლისის კლუბებმა „ლივერპულმა“ და „მანჩესტერ სიტიმ“, ბოლო ორი მეოთხედფინალისტი კი 14 მარტის ღამით გამოვლინდება. თურქეთში „ბეშიქთაში“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლებს, რომელთანაც სტუმრად 0:5 წააგო, ესპანეთში კი ერთმანეთს „ბარსელონა“ და ინგლისის „ჩელსი“ დაუპირისპირდებიან. ლონდონში გამართული პირველი შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა.