"ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, მიღწეულია შეთანხმება საპარლამენტო რეზოლუციაზე

სერგი კაპანაძე

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის, „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტი მიიღებს რეზოლუციას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ”ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია” და სანქციების დაწესება. 16 მარტს, საპარლამენტო უმცირესობის და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის გამართული კონსულატციის შემდეგ, სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეთანხმდნენ პრინციპებზე და საერთო ტექსტზე და დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური საკითხები. სერგი კაპანაძის ინფორმაციით, ”ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში” მოხვდება ყველა ის ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე. „ეს იქნება რეზოლუცია, რომელიც დაგმობს რუსეთის ქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. პასუხისმგებლობას დააკისრებს რუსეთის ფედერაციას და შეიმუშავებს კონკრეტულ ინსტრუმენტებს, თუ როგორ აღვუდგეთ მსგავს ტრაგიკულ ფაქტებს“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.