კომუნისტების კანდიდატმა 18 მარტის არჩევნებს უწოდა ყველაზე ბინძური პოსტსაბჭოთა სივრცეში

პაველ გრუდინინი

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა კომუნისტური პარტიიდან, პაველ გრუდინინმა განაცხადა, რომ 18 მარტის არჩევნები იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ბინძური არჩევნები. გრუდინინის თქმით, იძულებულია დაეთანხმოს ალექსეი ნავალნის, რომელიც ამტკიცებდა, რომ ე.წ. მობილური ამომრჩევლის სისტემა შესაძლებელს ხდის ხმის რამდენჯერმე მიცემას. ამ სისტემით, ამომრჩეველს შეუძლია სპეციალური ტალონით ისარგებლოს და ხმა მისცეს არა თავის, არამედ რომელიმე სხვა უბანზე. ეს სისტემა ექსპერიმენტისთვის გამოიყენეს პარტია „იაბლოკო“-ს და პრეზიდენტობის კანდიდატის, ქსენია სობჩაკის საარჩევნო შტაბების წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, მობილური ამომრჩევლის სისტემით შეძლეს ხმის ორჯერ მიცემა.