კრემლი ჯერჯერობით არ ასახელებს დასავლეთის ლიდერებს, რომლებმაც პუტინს გამარჯვება მიულოცეს

დმიტრი პესკოვი

ვლადიმირ პუტინს რუსეთის პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს ტაჯიკეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის და მოლდავეთის პრეზიდენტებმა, ემომალი რაჰმონმა, ნურსულთან ნაზარბაევმა, ილჰამ ალიევმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ და იგორ დოდონმა და ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა. კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმირ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს დასავლეთის სახელმწიფოთა მეთაურებმაც. სააგენტო ინტერფაქსის ინფორმაციით, 19 მარტს ჟურნალისტებმა პესკოვს ჰკითხეს, მიულოცეს, თუ არა პუტინს გამარჯვება აშშ-ის და დასავლეთ ევროპის ლიდერებმა. პრესმდივნის თქმით, დასავლეთის ქვეყნებისგან არის მილოცვები და უახლოეს ხანში გამოაქვეყნებენ საერთო ინფორმაციას. ამასთან, პესკოვმა კონკრეტული სახელმწიფოები არ დაასახელა.