ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე კრივში საქართველოს ნაკრების რვა წევრიდან ოთხმა მედალი მოიპოვა

ქართველი მედალოსანი მოკრივეები

საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 22-წლამდელთა ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვა. რუმინეთის ქალაქ ტარგუ ჟიუში 24 მარტიდან 2 აპრილამდე გამართულ შეჯიბრებაზე საქართველოს სახელით ევროკონკურენციაში სულ რვა მოკრივე ჩაება და მათგან სამი ფინალში გავიდა. ლაშა გურულმა გადამწყვეტი შეხვედრაც მოიგო და 64 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა. გურული ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა. შარშან ვერცხლს დასჯერდა.

ამჯერად მეორე საპრიზო ადგილები სახილ ალახვერდოვმა (49 კგ) და გიორგი ხარაბაძემ (75 კგ) დაიკავეს, ოთარ ნავერიანი (60 კგ) კი კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.