ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს. სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ თემურ ბაქრაძესაც. ახალგაზრდა ქალი ყოფილმა მამინაცვალმა 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლა. პოლიციელებმა მკვლელობაში ბრალდებული პირი 14 აპრილს, თელეთში დააკავეს. ვეფხია ბაქრაძის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს ოჯახში ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით, რომელიც ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას. ამავე საქმეზე, 15 აპრილს სამართალდამცავებმა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს თემურ ბაქრაძე. მას დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ელის 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.