ექსპერტიზის ბიურომ განმარტა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის პროცედურა

არჩილ ტატუნაშვილი 24 მარტს დაკრძალეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ზოგადი განმარტებით უპასუხა ბოლო ხანს გამოთქმულ ეჭვებს და შეკითხვებს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის შესახებ. ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებსაიტზე 11 მაისს გამოქვეყნებული განცხადებით, „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე, რეზონანსულ საქმეებთან დაკავშირებით ხშირად და განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში საზოგადოების მიერ ისმის კითხვები თუ რატომ არ მზადდება „პირველადი,“ „შუალედური“ დასკვნები.“ ეროვნული ბიურო განმარტავს, რომ ექსპერტის დასკვნა სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მიერ შესაბამისი კვლევის ჩატარების საფუძველზე მომზადებული წერილობითი დოკუმენტია, რომელიც პასუხს იძლევა ექსპერტის წინაშე დასმულ შეკითხვებზე, ეს კი შესაძლებელია მხოლოდ საჭირო კვლევების სრულად დასრულების შემთხვევაში და ექსპერტიზა ტარდება დამკვეთის მიერ წარმოდგენილ მასალაზე დაყრდნობით. „ამდენად, არ არსებობს პირველადი, შუალედური დასკვნები. ექსპერტიზის პროცესში საჭირო კვლევების დასრულების და გაანალიზების შემდგომ მზადდება ექსპერტის დასკვნა. ექსპერტის დასკვნის დასრულების შემდგომ დამკვეთის მოთხოვნით შესაძლებელია დაინიშნოს დამატებითი, ან განმეორებითი ექსპერტიზა“ - ნათქვამია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განცხადებაში. მისივე განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნა ეკუთვნის მის დამნიშნავს, გამოძიების ფარგლებში დანიშნული ექსპერტიზის დასკვნა კი ეკუთვნის საგამოძიებო ორგანოებს. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განცხადებითვე, ის არ არის უფლებამოსილი რაიმე სახის საჯარო განმარტება და კომენტარი გააკეთოს კონკრეტულ საქმეებზე, ან ექსპერტიზასთან დაკავშირებული ინფორმაცია გადასცეს არადამნიშნავ პირს, ან ორგანიზაციას, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა. „კიდევ ერთხელ დიდ გულისტკივილს გამოვთქვამთ არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული დაღუპვის გამო და ჩვენი მხრივ გვინდა დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ როგორც ამ შემთხვევაში, ისევე სხვა ექსპერტიზების მიმართ ბიუროს ექსპერტები თავისი მაღალი პროფესიონალიზმით აკეთებენ ყველაფერს, რათა მოამზადონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უტყუარი და მაღალკვალიფიციური ექსპერტიზის დასკვნები” - ნათქვამია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განცხადებაში.