გორში იეჰოვას მოწმეების სამლოცველოს იარაღიდან ესროლეს

გორში თავს დაესხნენ იეჰოვას მოწმეების სამლოცველოს, „სამეფო დარბაზს.“ 16 მაისს ღამით, დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სამლოცველოს კარს ესროლეს და კედლებზე დატოვეს წარწერა: „იწამე ღმერთი ჩვენი“. მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია პირველმა გაავრცელა „ადამიანის უფლებათა ცენტრმა.“

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რომელმაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია). ეს არ არის გორში, იეჰოვას მოწმეების რელიგიური საქმიანობისთვის ხელისშეშლის პირველი შემთხვევა. ორი თვის წინ „ სამეფო დარბაზის“ გალავანზე ჯვრები გამოსახეს. "ადამიანის უფლებათა ცენტრი" მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას, ჩაატარონ ეფექტური გამოძიება, გამოკვეთონ სიძულვილისა და დისკრიმინაციის მოტივი, გამოავლინონ დამნაშავეები და დასაჯონ კანონის სრული სიმკაცრით.