ესპანეთის პოლიციამ დააკავა და მალევე გაათავისუფლა პუტინის კრიტიკით ცნობილი ბრიტანელი ბიზნესმენი

ბილ ბრაუდერი

კრემლის კრიტიკით ცნობილი ბრიტანელი ბიზნესმენი ბილ ბრაუდერი 30 მაისს დააკავეს ესპანეთში, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. პოლიციის წყაროს ცნობით, ის რუსეთის მოთხოვნით დააკავა ესპანეთის პოლიციამ, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ რუსეთის მოთხოვნა ბიზნესმენის დაკავების შესახებ ვადაგასული იყო. ინფორმაციას ბრაუდერის დაკავებისა და გათავისუფლების შესახებ ავრცელებს როიტერსი. ბრაუდერმა წამოიწყო კამპანია, რათა გამოავლინოს რუსეთში კორუფციის ფაქტები და დაისაჯონ ის მაღალჩინოსნები, რომლებიც მისი თქმით, დამნაშავენი არიან 2009 წელს სერგეი მაგნიტსკის სიკვდილში, რომელიც ბრაუდერის ადვოკატი იყო. რუსეთის სასამართლომ გასული წლის დეკემბერში ბრაუდერს მიუსაჯა ცხრაწლიანი პატიმრობა, მას შემდეგ, რაც ის დამნაშავედ სცნო წინასწარგანზრახულ გაკოტრებასა და გადასახადებისათვის თავის არიდებაში. ბრაუდერი თავის ტვიტერის გვერდზე, მადრიდის პოლიციის შენობიდან გათავისუფლების შემდეგ წერს: „უკვე მეექვსედ შეაწუხა რუსეთმა ინტერპოლი ჩემს გამო“. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ის ელაპარაკა ბრაუდერს და გახარებულია, რომ ბიზნესმენი უკვე თავისუფალია: „მოსკოვმა კონცენტრირება უნდა გააკეთოს იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მაგნიტსკის მკვლელობაზე“, - წერს ჯონსონი ტვიტერის გვერდზე.