არჩილ ტატუნაშვილის მამამ და ადვოკატმა ექსპერტებისგან განმარტებები მიიღეს

გივი ტატუნაშვილი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2018 წლის თებერვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამა, გივი ტატუნაშვილი და მისი ადვოკატი, თამარ ავალიანი იმყოფებოდნენ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. მათ აინტერესებდათ ექსპერტების განმარტება ახლახან მიღებული დასკვნის იმ ნაწილზე, რომელიც არასრულყოფილად მიიჩნიეს.

"მაინტერესებდა ცხვირზე და შუბლზე რა დაზიანებებიც იყო, რატომ არ იყო ჩაწერილი დასკვნაში. როგორც მითხრეს ეს დაზიანებები არ იყო მიყენებული სიცოცხლის დროს და შუბლზე არ იყო ნატყვიარი, ეს იყო აშრევება“ - განუცხადა ჟურნალისტებს გივი ტატუნაშვილმა. მისივე თქმით, გამოძიების ობიექტურობაში ეჭვი არ ეპარება.

ადვოკატ თამარ ავალიანის განმარტებით, ამ ეტაპზე ექსპერტებთან შეკითხვები აღარ აქვთ. „მოგვაწოდეს უფრო მეტი ინფორმაცია დასკვნის შესახებ. დავსვით კითხვები დაზიანებებზე, რომლებზეც მიგვაჩნდა რომ დასკვნა არასრულყოფილი იყო და აგვიხსნეს ბიუროში, რომ ეს დაზიანებები არ იყო სიცოცხლისდროინდელი“ - განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ავალიანმა. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი შეკითხვა შეეხებოდა საფეთქელთან შეწეულ ადგილს. „ეს იყო რუსეთში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგი. იქ ექსპერტიზისთვის ფაქტობრივად მოხდა თავის ნაწილის გადახერხვა და გამოიწვია საფეთქელთან ადგილის შეწევა“ - განაცხადა ავალიანმა. მისივე თქმით, ექსპერტიზის ბიუროში უჩვენეს რენტგენის სურათებიც, რომელთა თანახმად, მოტეხილობებს ცხვირის მიდამოში ადგილი არ ჰქონია და მრავალი მოტეხილობაა ხელის მტევნებზე. ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიებამ დანიშნა კომპლექსური კომისიური ექსპერტიზა და დაზარალებული მხარე ითხოვს, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება სწრაფად წარიმართოს და დროულად მიიღოს დასკვნა, რომელიც აუცილებელია სტრასბურგის სასამართლოსთვის სარჩელის მოსამზადებლად.