ერგნეთის შეხვედრის უმთავრესი თემა არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობაა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კარავი ერგნეთში

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. დღის წესრიგში 9 საკითხია. შეხვედრის დაწყებამდე თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და სასტიკი მკვლელობის ფაქტს.“ ანთაძის ინფორმაციით, ქართული მხარე კვლავ კატეგორიულად მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემას, რაზეც წინა შეხვედრაზე დე ფაქტო ხელისუფლებისგან „შუალედური პასუხი“ მიიღეს. ირაკლი ანთაძის თქმით, დღეს ელოდებიან „გარკვევით პასუხს.“

ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, ქართული მხარე მოითხოვს პასუხსაც დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებაზე. ოკუპირებული ახალგორის მილიციის თანამშრომლებმა დავით ბაშარული 2014 წლის ივნისში დააკავეს, 6 თვის შემდეგ კი, მისი ცხედარი ახალგორის მახლობლად აღმოაჩინეს.

ირაკლი ანთაძის განცხადებით, ერგნეთის დღევანდელი შეხვედრის დღის წესრიგშია საოკუპაციო ხაზთან მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტები, გადაადგილების უფლების შეზღუდვა და უკანონო, ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევები.