ტრამპი კვლავ გამოდის რუსეთის G7-ში დაბრუნების მოწოდებით, მოკავშირეებისგან წინააღმდეგობის მიუხედავად

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოწოდება, რომ რუსეთი უნდა დაბრუნდეს დიდ შვიდეულში - ეს განცხადება მან კანადაში, კვებეკში გააკეთა, დიდი შვიდეულის სამიტის კულუარებში. "რუსეთის დაბრუნება მომგებიანი იქნება მსოფლიოსთვის" - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს და დასძინა - ეს კარგი იქნებოდა მსოფლიოსთვის, კარგი იქნებოდა რუსეთისთვის. და ვფიქრობ, კარგი იქნებოდა აშშ-ისთვის. ამასთან, ეს კარგი იქნებოდა ყველა ქვეყნისთვის, რომელიც დიდი შვიდეულის წევრიაო. მანამდე დასავლეთის სხვა ლიდერებმა უგულებელყვეს ტრამპის წინადადება, რომ რუსეთი დიდ შვიდეულში უნდა დაბრუნდეს. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა თქვა, ეს არ მოხდება, სანამ აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის გადაწყვეტაში პროგრესი აღინიშნება. ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც ჯგუფის შვიდი წევრიდან ოთხს წარმოადგენენ, სამიტამდე შეთანხმდნენ, რომ "დიდი შვიდეულის სამიტების ფორმატში რუსეთის დაბრუნება არ შეიძლება მოხდეს მანამ, სანამ უკრაინის პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება" - განაცხადა მერკელმა კვებეკში, კანადაში, 8 ივნისის საღამოს. რუსეთი ამ ჯგუფიდან ოთხი წლის წინ გარიცხეს, მას შემდეგ, რაც მან უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება მოახდინა და სეპარატისტებს უჭერს მხარს აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც 10300-ზე მეტი ადამიანია დაღუპული ომის ფარგლებში. მერკელის თქმით, ის, რომ რუსეთი კვლავაც ჯგუფის გარეთ უნდა იყოს, ევროპის "ერთიანი შეხედულებაა" - თუმცა იტალიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ მოგვიანებით ტვიტერით გაიმეორა ტრამპის მოწოდება, რომ რუსეთი "მოლაპარაკების მაგიდასთან" უნდა დაბრუნდეს.