საქართველომ გააგრძელა ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციები

საქართველო კვლავ შეუერთდა ევროკავშირის გადაწყვეტილებას რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმისა და სევასტოპოლისთვის დაწესებული სანქციების გაგრძელების შესახებ. ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დეკლარაციას შეუერთდნენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატები - მონტენეგრო და ალბანეთი, ევროპის ეკონომიკური ზონის წევრი ნორვეგია და საქართველო და უკრაინა. 2019 წლის 23 ივნისამდე გაგრძელებული სანქციებით, იკრძალება ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში სხვადასხვა საქონლის ექსპორტი, ინვესტიციების განხორციელება და ადგილობრივი საზღვაო პორტებით სარგებლობა. 2014 წელს დაწესებული სანქციების ვადა გარკვეული პერიოდულობით გრძელდება. ევროკავშირის დეკლარაციაში, რომელსაც საქართველო და კიდევ 4 არაწევრი ქვეყანა შეუერთდა, დაგმობილია რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და ანექსია.