საბერძნეთში ხანძრის გამო საგანგებო რეჟიმით მუშაობს საქართველოს საელჩოც

ხანძრით გამოწვეულ კვამლში გახვეული ავტომაგისტრალი ათენის მახლობლად

საქართველოს ელჩმა საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილმა რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ 24 ივლისის დილის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან საბერძნეთში ძლიერი ხანძრების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის. ელჩის თქმით, 23 ივლისს საღამოდან 24 ივლისს დილამდე საელჩოს მიმართა საქართველოს სამმა მოქალაქემ და ყველა მათგანს დახმარება გაეწია. იოსებ ნანობაშვილის ინფორმაციით, საკონსულოს თანამშრომლებმა უშუალოდ ხანძრის ზონიდან გაიყვანეს და დააბინავეს ერთი მოქალაქე. ელჩის განცხადებით, ყოველ საათში ერთხელ კავშირი აქვთ საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და განახლებულ ინფორმაციას იღებენ. საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერია +306995779793