ათობით ადამიანი დაიღუპა სირიის პროვინიცია იდლიბში მომხდარი აფეთქებისას

აფეთქებული შენობა იდლიბში

იარაღის საცავში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 36 კაცი, მათ შორის 12 ბავშვი დაიღუპა სირიის სამხრეთ-დასავლეთ, იდლიბის პროვინციაში. სამხედრო რეპორტიორებისა და ოპოზიციის აქტივისტების თანახმად, აფეთქება 12 აგვისტოს, თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ სარადაში მოხდა. ბრიტანეთში მოქმედი ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით აფეთქდა შენობის სარდაფში მდებარე საცავი. მისი მფლობელია იარაღით მოვაჭრე, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს ალ ყაიდასთან დაახლოებულ დაჯგუფება „ლევანტის გათავისუფლების კომიტეტთან“. აფეთქების ფონია სამხედრო ოპერაცია, რომელსაც სირიის სამთავრობო ძალები ატარებენ იდლიბში. პროვინციის დიდ ნაწილს აკონტროლებს ექსტრემისტული დაჯგუფება ჰეიათ ტაჰრირ ალ-შამი. ბოლო სამი წლის განმავლობაში სირიის მთავრობასა და მეამბოხეებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, იდლიბიდან ევაკუირებულ იქნა ათასობით მეამბოხე და მათი ოჯახები.