სკოლებში არიან ჩვეულებრივი ბულერები, რომლებიც მუდმივად ჩაგრავენ სკოლის სხვა მოსწავლეებს და ამ პირების მიმართ ადმინისტრაცია ვერ ახერხებს ეფექტური, პრევენციული ზომების გატარებას, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე, კომისიის წევრმა პარტია „ევროპული საქართველოდან“ ოთარ კახიძემ განაცხადა. 2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ორი მოზარდი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს. საგამოძიებო საპარლამენტო კომისიას, რომელიც 6 ივნისიდან შეუდგა გახმაურებული მკვლელობის საქმის ირგვლივ არსებული გარემოებების შესწავლას, მომზადებული აქვს დასკვნის პროექტი, რომელსაც კენჭს უყრიან 5 სექტემბერს. ოთარ კახიძის განცხადებით, ყოველივე ეს ხელს უშლის, როგორც მთლიანი სასწავლო პროცესის წარმართვას, ასევე დისკომფორტს უქმნის სკოლის მოსწავლეებს. საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის თქმით, სერიოზული ზომებია მისაღები, რათა სკოლაში არსებობდეს რეალური ბერკეტები რომ ბულინგს, ჩაგვრას, არ ჰქონდეს დამკვიდრებული პრაქტიკის სახე.