ბრიტანეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია სკრიპალების საქმესთან დაკავშირებით

კარენ პირსი (მარცხნივ)

დიდმა ბრიტანეთმა მოითხოვა გაიმართოს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს (გრუ-ს) ყოფილ აგენტზე, სერგეი სკრიპალზე და მის ქალიშვილზე ქალაქ სოლსბერიში განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით. როგორც ვარაუდობენ, იგი 6 სექტემბერს გაიმართება. ამის შესახებ განაცხადა გაეროში დიდი ბრიტანეთის მისიის ხელმძღვანელმა კარენ პირსმა.

მანამდე რამდენიმე საათით ადრე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ, როგორც დაზვერვის ინფორმაცია მიანიშნებს, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი პირები გრუ-ს ოფიცრები არიან. ბრიტანეთის პროკურატურამ დღეს დაასახელა ორი პირი, ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი, ეჭვმიტანილებად წელს მარტში ქალაქ სოლსბერიში სერგეი და იულია სკრიპალების მკვლელობის მცდელობაში.