ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად აქციაზე დავით ბაქრაძე და ოთარ კახიძე მივიდნენ

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდნენ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე და საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ კახიძე. დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა: „როგორც ორი შვილის მამა, ადამიანურად, რა თქმა უნდა, სრულად თანავუგრძნობ ზაზა სარალიძეს და სოლიდარული ვარ მასთან დაკავშირებით. როგორც პოლიტიკოსს, მიმაჩნია, რომ საპარალამენტო კომისიის მუშაობამ დაადასტურა ზაზა სარალიძის სიმართლე - რომ სისტემამ გააკეთა ყველაფერი, რომ არ მომხდარიყო საქმის სრულფასოვნად გამოძიება და არ დასჯილიყვნენ ის ადამიანები, ვინც დასასჯელები იყვნენ ამ მკვლელობის გამო. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ჩვენი ვალია ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც გვერდში დავუდგეთ ზაზა სარალიძეს. რაც შეეხება კონკრეტულ მოთხოვნებს და მის კონკრეტულ გეგმას მომავალთან დაკავშირებით, გვექნება მასთან კონსულტაცია და კონკრეტულ დეტალებზე ჩამოვყალიბდებით“.