"არა ფობიას" მაღალი იერარქიის სასულიერო პირს და მედიასაშუალებას აკრიტიკებს

სამოქალაქო პლატფორმის, „არა ფობიას" ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა დისკრიმინაციად შეაფასა ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში 17 სექტემბერს გაკეთებული განცხადება. „არა ფობიას“ აღნიშნავს, რომ „სასულიერო პირმა, საეკლესიო მსახურების შემდეგ, ამბიონიდან, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების შეფასებისას განაცხადა, რომ მე-18, მე -19 საუკუნეებში ფრანგი მისიონერები მოტყუებით ქადაგებდნენ კათოლიციზმს, ხოლო საქართველოში კათოლიკე მოსახლეობას მათი თანამედროვეები გაუკუღმართებულ და წამხდარი აზროვნების მქონედ მიიჩნევდნენ. ამ ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენია მეუფე პეტრემ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.”

სამოქალაქო პლატფორმის ხელმომწერ ორგანიზაციებს 19 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში მოჰყავთ ჭყონდიდის მიტროპოლიტის ციტატა: „ძალიან საინტერესო სიტყვაა ქართულ ლექსიკონში - "დაფრანგული" და იცით, საიდან იღებს სათავეს? მაშინ, როდესაც მე-18-19 საუკუნეში ჩამოვიდნენ ფრანგი მისიონერები, რომლებიც კათოლიკურ სარწმუნოებას ქადაგებდნენ, ატყუებდნენ ქართულ მოსახლეობას, რომ თითქოს ფილოსოფიას ასწავლიდნენ. მათ ქართველმა ხალხმა დასავლეთში, გურიაში, სამეგრელოში "ფრანგული", "დაფრანგული" უწოდა ანუ გაუკუღმართებული, წამხდარი, მათ აზროვნებას. და აი ჩვენ „დაფრანგული" ქალბატონი თავისი „დაფრანგული" აზროვნებით ვერ მოგვიტანს კეთილდღეობას."

„არა ფობიას“ მიაჩნია, რომ „სასულიერო პირის მხრიდან პოლიტიკოსის მიმართ გაკეთებული ეს განცხადება სცილდება ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებს და ქსენოფობიური და ანტიკათოლიკური კონოტაცია შეიძინა, რაც შეურაცხყოფს კათოლიკე ეკლესიასა და მის მრევლს, რადგან რელიგიური და ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციული ხასიათისაა.“

„არა ფობია“ ყურადღებას ამახვილებს მედიის პასუხისმგებლობის საკითხზეც და აღნიშნავს, რომ „მსგავსი ქსენოფობიური განცხადებების უკრიტიკოდ, სარედაქციო კომენტარის გარეშე გაშუქება, რომელშიც მკაფიოდ იქნება აღნიშნული განცხადების დისკრიმინაციული ბუნება არ შეესაბამება მაღალ პროფესიულ სტანდარტებს და ეთიკურ ჟურნალისტიკას.”

სამოქალაქო პლატფორმა მოუწოდებს ერთი მხრივ, სასულიერო და სხვა საჯარო პირებს, თავი აარიდონ ისეთ განცხადებებს, რომლებიც ადამიანების რელიგიური, ეთნიკური ან სხვა ნიშნით დისკრიმინაციას ახდენს და მეორე მხრივ, მედიასაშუალებებს, საჯარო პირების მიერ გაკეთებული ქსენოფობიური ან სხვა სახის დისკრიმინაციული განცხადებების ტირაჟირებისას, მკაფიოდ აღნიშნონ, რომ ასეთი კომენტარი შესაძლოა, გარკვეული ჯგუფების დისკრიმინაციას ახდენდეს. განცხადებას ხელს აწერენ: მედიის განვითარების ფონდი, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, საფარი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა და საქართველოს რეფორმების ასოციაცია.