ნიუ-იორკში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯომ სალივანმა შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ პავლო კლიმკინთან, სადაც იმსჯელეს "ერთობლივ ძალისხმევაზე რუსეთის უარყოფითი გავლენის წინააღმდეგ" - იუწყება სახელმწიფო დეპარტამენტი. განცხადების თანახმად, შეხვედრაზე, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში გაიმართა, ასევე ისაუბრეს რუსეთის მხრიდან "ენერგეტიკული პროექტების გამოყენებაზე უკრაინისგან და სხვა ევროპელი მოკავშირეებისგან გამოძალვის და მათზე ზეწოლის მოხდენის მიზნით", ისევე, როგორც კიევის პროგრესზე პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარების პროცესში. მოსკოვის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის და 2014 წელს ყირმის ანექსირების გამო აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს. ვაშინგტონმა ასევე გამოთქვა მუქარა, რომ სანქციებს დააწესებს ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტის გამო, რომელმაც რუსული გაზი პირდაპირ გერმანიაში უნდა ჩაიტანოს ბალტიის ზღვით, უკრაინის გვერდის ავლით. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 25 სექტემბერს გენერალურ ასამბლეას უთხრა, "გერმანია სრულად დამოკიდებული გახდება რუსეთის ენერგიაზე, თუკი დაუყოვნებლივ არ შეიცვლის კურსს" ჩრდილოეთის ნაკადი-2 მილსადენთან დაკავშირებითო.